საქართველოს სტრატეგიული განვითარება
თავისუფლების მოედანი და საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთისადმი სოლიდარობით, პატივისცემითა და ურთიერთგაგებით ვქმნით ერთობას, საქართველოში თავისუფლების, დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის გასაძლიერებლად. ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს საზოგადოება მრავალფეროვანია, ჩვენი მიღწევები საერთოა და ქართული სახელმწიფოს სიძლიერე მისი ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეების კეთილდღეობით იზომება. საქართველოს გამთლიანება და გაძლიერება ჩვენი უმთავრესი მისწრაფებაა. ქართული იდენტობა ევროპული იდენტობაა და საქართველოს ბუნებრივი ცივილიზაციური სივრცე ევროპაშია. ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება საქართველოს პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტია.
განვითარების შემოთავაზებული სტრატეგია მომავალი თაობებისადმი სრული პასუხისმგებლობით შევიმუშავეთ. გამოვიყენეთ პროფესიონალების, აკადემიური სფეროს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საქართველოს პატრიოტების რჩევები. ამასთანავე, პროგრამას განვიხილავთ როგორც ცოცხალ დოკუმენტს, რომელსაც თქვენთან, საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივი აზრთა გაცვლა-გამოცვლის საფუძველზე განვაახლებთ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებია. დემოკრატიაცოცხლობს მუდმივი დიალოგის რეჟიმში. ჩვენ დემოკრატები ვართ.
თავისუფლების მოედანი დაიცავს ადამიანის თავისუფლებასა და უფლებებს, კანონის უზენაესობას, საქართველოს დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას. იგი ხელს შეუწყობს ქვეყნის საერთო კეთილდღეობას, მდგრად განვითარებას, შიდა ერთიანობასა და კულტურულ მრავალფეროვნებას, უზრუნველყოფს შესაძლებლობათა მაქსიმალურ თანასწორობას საქართველოს მოქალაქეებს შორის.
დემოკრატია ვერ იარსებებს სოციალური სამართლიანობის გარეშე. სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას საფუძვლად უნდა დაედოს შესაძლებლობების საზოგადოება, სადაც ადამიანები საკუთარი ნიჭით და შრომით წარმატებას მიაღწევენ.
ძლიერი საშუალო კლასი უნდა გახდეს დემოკრატიის, კეთილდღეობის და საზოგადოებრივი მედეგობის საყრდენი.
თავისუფლების მოედანს სჯერა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და არავინ უნდა განიცდიდეს დისკრიმინაციას ეროვნების, რასის, სქესის, ასაკის, ენის, სოციალური მდგომარეობის, ცხოვრების წესის, რელიგიური, იდეოლოგიური ან პოლიტიკური მრწამსის, ასევე, ფიზიკური, გონებრივი ან ფსიქოლოგიური შესაძლებლობის გამო.
ქალებსა და კაცებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი უფლებები საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. კანონმა უნდა უზრუნველყოს ქალისა და კაცის უფლებრივი თანასწორობა, მათ შორის განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობით და სამუშაო ადგილებზე უთანასწორობის ყველა გამოვლინების აღმოფხვრით. ქალებსა და კაცებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი ანაზღაურება ერთნაირი მოცულობისა და შინაარსის სამუშაოსთვის.
თავისუფლების მოედანი ბუნებრივი რესურსების გრძელვადიანი შენარჩუნების ერთგული იქნება და პასუხისმგებლობით მოეპყრობა საქართველოს როლს სამართლიან და მშვიდობიან საერთაშორისო წესრიგში.
თავისუფლების მოედნის საქართველო არის ძლიერი საქართველო — მრავალპარტიული დემოკრატია ძლიერი ინსტიტუტებით, სწრაფად მზარდი ეკონომიკით, მოქალაქეთა კეთილდღეობით და სოციალური უსაფრთხოებით. ძლიერი საქართველო უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური და საიმედო წევრი, რომელსაც ზურგს ძლიერი პარტნიორები უმაგრებენ. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ანგარიშვალდებულ ხელისუფლებებს, რომლებიც მათი თავისუფლების, კეთილდღეობისა და ევროპული მომავლისთვის არაფერს დაიშურებენ.
გაეცანით ვრცლად თავისუფლების მოედნის სტრატეგიული განვითარების გეგმას👇