ეთიკის კოდექსი
პოლიტიკური პარტია
„თავისუფლების მოედანი“
ეთიკური ჩარჩო და მოქმედების სტანდარტები
საქმიანობის ძირითადი პრინციპები
კეთილსინდისიერება და გამჭვირვალობა
პარტიის ყველა წევრი და თანამშრომელი ვალდებულია, ერთგულად დაიცვას კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტები. ეს მოითხოვს მორალური ნორმების დაცვას და პოლიტიკური საქმიანობისა და კერძო ეკონომიკური ინტერესების მკაცრ გამიჯვნას.
ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია
პარტიის წევრები ვალდებულნი არიან, სრულად მიაწოდონ პარტიას ინფორმაცია ნებისმიერი დამატებითი საქმიანობის შესახებ. დაუშვებელია და იკრძალება ისეთი ფინანსური შემოწირულობის ან პირადი სარგებლის მიღება, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური და პარტიული თანამდებობის ან სტატუსის გამოყენებასთან.
კონფიდენციალურობა
პარტიის ყველა წევრი და თანამშრომელი ვალდებულია, დაიცვას პარტიის არასაჯარო, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე შიდა ინფორმაცია.
კომუნიკაციის ეთიკა
პარტიის წევრებმა უნდა დაიცვან კორექტულობა ნებისმიერი პირის მიმართ როგორც ფიზიკურ, ისე ციფრულ სივრცეში კომუნიკაციისას. სოციალურ ქსელებში, საჯარო პლატფორმებსა თუ შიდა საორგანიზაციო ჩატებში დაუშვებელია შეურაცხმყოფელი ფრაზების გამოყენება.
ეთიკური პრინციპების ღირებულებითი საყრდენი
პარტია „თავისუფლების მოედანი’’ თავის საქმიანობასა და ზემოაღნიშნულ პრინციპებს აფუძნებს შემდეგ ფუნდამენტურ ღირებულებებზე:
1. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა
ინდივიდუალური თავისუფლების პატივისცემა და პიროვნული პასუხისმგებლობის აღიარება.
2. ანგარიშვალდებულება
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ამომრჩევლისა და საზოგადოების წინაშე. ჩვენ გვჯერა, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს ღია, ხოლო გადაწყვეტილებები — საზოგადოებისთვის გასაგები და დასაბუთებული.
3. საზოგადოებრივი სიკეთის უზენაესობა
საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების დაყენება პირად, ფინანსურ თუ ვიწრო ჯგუფურ ინტერესებზე მაღლა.
4. სანდოობა და გუნდური პასუხისმგებლობა
შიდაპარტიული ნდობისა და ერთიანობის შენარჩუნება, რაც ეფუძნება თანამებრძოლების პატივისცემასა და სტრატეგიული მიზნების დაცვას. ეს ფუნდამენტური ნდობა უპირველესად გამოიხატება პარტიის შიდა, არასაჯარო ინფორმაციის დაცვაში.
5. სოლიდარობა
თანადგომა საზოგადოების მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების მიმართ, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა იდენტობისა.
6. სამოქალაქო ჩართულობა
პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება მოქალაქეებთან კონსულტაციისა და კოორდინაციის გზით.
აღსრულების მექანიზმები და პასუხისმგებლობა
1. შიდა კონტროლის მექანიზმები
ეთიკური სტანდარტებისა და ფინანსური კეთილსინდისიერების აღსრულების კონტროლის მიზნით, პარტიაში შეიძლება ჩამოყალიბდეს აღმასრულებელი საბჭოს მიერ სპეციალური მექანიზმი.
2. პასუხისმგებლობა და სანქციები
პარტიის წესდებაში და სხვა დოკუმენტებში გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები ეთიკური ჩარჩოს დარღვევის შემთხვევებისთვის. დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, უკიდურეს ზომად შესაძლოა გამოყენებულ იქნას წევრის პარტიიდან გარიცხვა.







