განცხადება: გერმანული ფონდების განდევნა საქართველოდან
გერმანული ფონდების განდევნა საქართველოს იზოლაციისკენ გადადგმული მძიმე ნაბიჯია.
ოცნების პოლიტიკის შედეგად, გერმანული კონრად ადენაუერის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი და ფრიდრიხ ებერტის ფონდი, იძულებული გახდნენ შეეზღუდათ ჩვენს ქვეყანაში საქმიანობა, ხოლო მათგან ორს ოფისების დახურვა მოუწიათ.
გერმანული ფონდების საქმიანობის შეჩერებით ქვეყანას ადგება გამოუსწორებელი ზიანი: ჩერდება ათობით მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, სოციალური და დემოკრატიული პროექტი, რომელიც პირდაპირ ემსახურებოდა საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. ქრება ათასობით ქართველი სტუდენტის, მკვლევრისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლის პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, ირღვევა ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნებული ისტორიული მეგობრობა და პარტნიორობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან. ოცნება მიზანმიმართულად ცდილობს, საქართველო დასავლური პარტნიორების გარეშე დატოვოს. სახელმწიფოსთვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთის მუდმივი ზეწოლის ქვეშაა, დასავლელი მეგობრების დაკარგვა დანაშაულია. ყოველი დახურული ოფისი და შეწყვეტილი პარტნიორობა საქართველოს მოწყვლადს ხდის რუსეთის აგრესიული მოქმედებების წინაშე.
„თავისუფლების მოედანი“ საქართველოს ევროპულ კურსზე დაბრუნების შემდეგ გააუქმებს ყველა ასეთ კანონს, აღადგენს ნორმალურ პირობებს საერთაშორისო პარტნიორებისთვის და უზრუნველყოფს გერმანული პოლიტიკური ფონდების დაბრუნებას – ორგანიზაციებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ეხმარებოდნენ საქართველოს ძლიერი და თავისუფალი სახელმწიფოს შენებაში.
მადლობას ვუხდით ოთხივე ფონდის ქართველ და გერმანელ თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ქვეყნის თავისუფლებისა და ევროპული მომავლის გადასარჩენად!








