მიეცით ბავშვებს წამალი 🎈

ძლიერი, თავისუფალი და ევროპული საქართველო თითოეული მოქალაქის ხელშეუხებელ ღირსებაზე დგას

თავისუფლების მოედნის განცხადება

ძლიერი, თავისუფალი და ევროპული საქართველო თითოეული მოქალაქის ხელშეუხებელ ღირსებაზე დგას

ნამდვილი ქართული ტრადიცია, ისევე როგორც ჩვენი საერთო ევროპული მისწრაფება, გვასწავლის, რომ ჯანსაღი საზოგადოება ეფუძნება თანაგრძნობას, თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და ძალადობის უარყოფას.

დღეს, 17 მაისს, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: არცერთი მოქალაქე არ უნდა ცხოვრობდეს შიშში - მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის და რისი სჯერა. თითოეული ადამიანი იმსახურებს კანონის მიერ მისი უფლებების სრულ და თანასწორ დაცვას. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ სიძულვილსა და ხელოვნურად თავსმოხვეულ დაყოფებს, რომლის მეშვეობით "ქართული ოცნება" საკუთარი ფარისევლობისა და პასუხისმგებლობის გადაფარვას ცდილობს.

რეალური პრობლემები, რომლების წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას, არ გვყოფს - ისინი ყველას ერთნაირად გვაზარალებს. სახელმწიფო მიტაცებული აქვს ბიძინა ივანიშვილის ჯგუფს, რომელიც ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს და ამით უკლებლივ ყველა ოჯახს ასუსტებს და ანადგურებს.

“ქართული ოცნება" "ოჯახის დაცვის“ ლოზუნგებით ცდილობს ნამდვილი პრობლემებისგან ყურადღების გადატანას, მაგრამ მათივე მმართველობის ოფიციალური მონაცემები ადამიანების ჩაგვრისა და დამცირების, ქვეყნის დაცლისა და ოჯახების გაწირვის ტრაგიკულ სურათს გვიჩვენებს.

ქვეყანაში 700 000-ზე მეტი ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემა ჩამოშლილია, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები უკვე 20 დღეზე მეტია უთანასწორო ბრძოლაში დგანან საკუთარი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად მაშინ, როდესაც სახელმწიფო “ოცნების” მიერ გამოცხადებული “ნულოვანი თანგრძნობის” პოლიტიკით მოქმედებს და უარს ამბობს სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების დროულ, სრულფასოვან დაფინანსებაზე, რითაც სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს ჩვენი მომავლისთვის და გაუსაძლის ტკივილში ტოვებს ქართულ ოჯახებს.

მხოლოდ გასულ წელს ქვეყნიდან 163 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში. ჩვენი ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფას განიცდის და შობადობა ბოლო 32 წლის განმავლობაში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

ნაცვლად იმისა, რომ ამ პრობლემების მოგვარებაზე “ქართული ოცნება” ღირსეული დასაქმებისა და ხარისხიანი განათლების ხელიმისაწვდომობით ზრუნავდეს, ის საზოგადოებაში დაპირისპირებას აღრმავებს, ხელოვნური კედლების აშენებით თიშავს საზოგადოებას და თესავს სიძულვილს. ბოლო პერიოდში მსჯავრდებულთა რაოდენობამ 22 000 ადამიანს გადააჭარბა და ისტორიულ რეკორდს გაუტოლდა. "ოცნება" სტუდენტებს უნვიერსიტეტებთან აპატიმრებს, მოქალაქეებს ტროტუარზე დგომის გამო ციხეში უშვებს, ხოლო მისმა დაქირავებულმა მოძალადეებმა ასეულობით ადამიანი აწამეს.

სწორედ გაუცხოება, უკიდურესი სიღარიბე, იძულებითი ემიგრაცია, ავადმყოფ ბავშვებზე ზრუნვაზე უარის თქმა და უპერსპექტივობაა რეალური საფრთხე ჩვენი მოქალაქეებისათვის, ოჯახისთვის, ჩვენი იდენტობისა და მომავლისთვის: ამაში დამნაშავე კი მხოლოდ “ქართული ოცნებაა,” რომელიც 13 წელზე მეტია საკუთარი გამდიდრების და ქვეყნის ძარცვის გარდა არაფერზე ზრუნავს.

„თავისუფლების მოედანი“ ისეთი საქართველოს ასაშენებლად შეიქმნა, სადაც განურჩვლად ყველას აქვს სამშობლოში ღირსეული ცხოვრებისა და კეთილდღეობის ყველა პირობა, სადაც სახელმწიფო საკუთარი შვილების სიცოცხლეს იცავს, სადაც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა დაცულია და სადაც თითოეულ მოქალაქეს სამართლიანად ეპყრობიან.

თავისუფლების მოედანი

ელ.ფოსტა: contact@freedomsquare.ge

ტელ.: +995 598 888 068

მისამართი: Tbilisi, Georgia